საქართველოში შეცვლილი პოლიტიკური სურათის და შეთანხმების მიმართ საერთაშორისო ინტერესი არ ნელდება.
ბრიუსელი და ვაშინგტონი ახლა იმ დოკუმენტის ყველა პუნქტის აღსრულებას ელოდება, რომელიც ექვსთვიანი კრიზისის დაძლევაში გარდამტეხი აღმოჩნდა. ყველა თანხმდება, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ქვეყნის სტაბილურობისა და ევროატლანტიკური მომავლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებასთან ერთად საერთაშორისო პარტნიორების გზავნილია, რომ დოკუმენტს ხელი დარჩენილმა პარტიებმაც მოაწერონ და სრულყოფილი საპარლამენტო საქმიანობა დაიწყონ. ისმის მოწოდებები პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების მიერ შეთანხმების ინდივიდუალური ხელმოწერისკენაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე დღეს კიდევ ხუთი ინდივიდუალური ხელმოწერა გაჩნდა.