საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვიდეო-ჩანაწერით მიმართა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მესამე საპარლამენტო სამიტის მონაწილეებს. სამიტი რიგაში გაიმართა, რომლის დასასრულს მონაწილეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, გაუმართლებელი ომი და დაადასტურეს საპარლამენტო დონეზე უკრაინის მხარდაჭერის მზაობა. ყირიმის საერთაშორისო პლატფორმა საერთაშორისო კონსულტაციისა და კოორდინაციის ფორმატია, რომელიც 2021 წელს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით დაარსდა. პლატფორმის მიზანია ყირიმისა და უკრაინის სხვა ტერიტორიების ოკუპაციაზე ეფექტური საერთაშორისო რეაგირების უზრუნველყოფა.