„საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი, ახლა ჯერი ევროკავშირზეა, არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მოგვანიჭოს კანდიდატის სტატუსი“ – ამ სიტყვებით მიმართავს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს.
„სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ამის მიუხედავად, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, ჩვენ, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს ის შთამბეჭდავი პროგრესი, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა. პირადად მე, ჩემს პარტიას „ქართული ოცნებას“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს. რაც მთავარია, საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ და მისი დემოკრატიზაციის ისტორია მტკიცედაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობის ინტენსიურად დანერგვა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. ჩვენ ეს საგარეო საფრთხეების მიუხედავად გავაკეთეთ. ჩვენ ევროპასთან ერთად ვაშენებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ საკითხისადმი ერთგულება ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ. გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს.
საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიმართ ურყევი და ერთსულოვანი მხარდაჭერა და ევროპული ლიდერებისადმი ჩვენი ქვეყნების მხარდასაჭერი მოწოდებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოუთმენლად ველით ასეთ მხარდაჭერას“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.