ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა სანაცვლოდ რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს, მისი გადმოცემა ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი არალეგალურ ქოლცენტრების საქმეს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებაში წერია – ქოლცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს უსაგნო მორალისტობის ნაცვლად და დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები.
საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად, აღმოაჩინა უკანონო ქოლცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა. ქართული დემოკრატიისთვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“.
პაპუაშვილი წერს, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაულიც ევროპულმა საგამოძიებო უწყებებმაც დაადასტურა, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელია.