ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი წერს, ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის ის რეალობას აცდენილი. როგორც პარლამენტის სპიკერი აღნიშნავს, აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის „რუსული კანონის“ დარქმევა, ან თითქოს იგი „ღალატობს“ დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. „რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დასარწმუნებლად,” – წერს შალვა პაპუაშვილი.