შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, მათ შორის მან 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებაც ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებიდან რამდენიმე პუნქტი უკვე შესრულებულია, რამდენიმე პუნქტზე კი ეუთო/ოდირის დასკვნის მოლოდინში არიან. „არის ორი საკითხი, რომელიც შეეხება სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციას, ორივე საკითხი არის გაგზავნილი ვენეციის კომისიაში და ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზეც, თუ რამდენად სწრაფად გვექნება პასუხი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშვილს დღეს კითხვა დაუსვეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე და იმაზე, თუ ვის შეიძლება შეეხოს ის. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ყველა ვინც ფიქრობს, რომ კანონი უნდა მოერგოს ადამიანს, ფიქრობს არაევროპულად.