სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე: „მრავალი წელია, ზოგიერთი უცხოელი „პარტნიორი“ და მათი ქართველი „მოკავშირე“ ქართული მართლმსაჯულების სახელის გატეხის კამპანიას აწარმოებს. მათი შეტევები ქართული მართლმსაჯულების, მთავრობისა და ქართული სახელმწიფოს საფუძვლების ლეგიტიმურობის შერყევას ისახავს მიზნად, თუმცა, უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართული მართლმსაჯულების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. მათ, ვინც „თავისუფლება მიშას“ კამპანია წამოიწყეს, ასევე გამოიგონეს „რუსული კანონის“ კამპანიაც. სამწუხაროა, რომ არასოდეს მოგვისმენია ბოდიშის სიტყვები ქართული სასამართლოს სახელის უსამართლო გატეხისათვის. ევროპული პარლამენტის რეზოლუციები, უცხოელი დიპლომატების დემარშები, ცალკეული უცხოელი პოლიტიკოსების, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების ძალისხმევა, სანქციებისკენ მოწოდებები არასოდეს დასრულებულა პასუხისმგებლობის აღებით ტყუილების, ცილისწამებისა და დეზინფორმაციისათვის. უფრო უარესიც, უსაფუძვლო კრიტიკის ტალღებს ექოსავით ჰყვებოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ შორის კოორდინაცია გვიჩვენებს, თუ რა სქემით ხორციელდებოდა უცხოური გავლენა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და სტაბილურობას, და რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და საზოგადოებრივ ზედამხედველობას მოითხოვს. საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობასა და სასამართლოს აქვს თავდაცვის ყველაზე მძლავრი იარაღი – სიმართლე, რომელიც გვიან, მაგრამ აუცილებლად იმარჯვებს. “- წერს შალვა პაპუაშვილი.