საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს, საექიმო ჯგუფისა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს პოლონეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში სამი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ოქროს მედალი მოიპოვა. გიორგი ტერაშვილი, კოტე კაპანაძე და ირაკლი დემეტრაშვილი ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 23 წლამდე ასაკის ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქრო ისტორიაში პირველად მოიპოვა. კონტინენტის პირველობა საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველ ადგილზე დაასრულა.