სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას დაცვის წევრი დაიკითხება
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს ბაჩო ახალაიას დაცვის წევრი დაიკითხება. მოწმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ფარგლებში იკითხება. ადვოკატის განმარტებით, დაცვის წევრი დაადასტურებს, რომ ბაჩო ახალაია გლდანის მერვე დაწესებულებაში, პოლკოვნიკის იქ ყოფნის პერიოდში, არ მისულა. პროკურატურის მტკიცებულებების მიხედვით კი, თეთრაძის წამება სწორედ ახალაიას ორგანიზებით მოხდა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე გაიმართება. ამ ეპიზოდზე მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ბრალი სამ პირს წაუყენა. ბაჩო ახალაიას, რომელიც იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო, ბრალი ედება თადარიგის პოლკოვნიკის წამებაში, მის მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილსა და სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილეს მეგის ქარდავას კი თავდაცვის სამინისტროდან თანხების გაფლანგვას ედავებიან.
სერგო თეთრაძე 2011 წლის 17 სექტემბერს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, 23 სექტემბერს ის ციხეში დაიღუპა.