ოპოზიციონერ ლიდერს მეორე დღეა, თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა.
მმართველი გუნდი სამარცხვინოდ და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებლად მიიჩნევს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის „ფეისბუქ“-პოსტს, სადაც სერგი კაპანაძემ დაწერა, რომ ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოში ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა. მოგვიანებით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განმარტა, რომ კასეტური ბომბების სამიზნე მხოლოდ ცხინვალის სამხედრო ობიექტები იყო და არა მშვიდობიანი მოსახლეობა, თუმცა მისი განცხადებები ხელისუფლებისთვის რუსეთის იმ მძიმე ბრალდებების გაგრძელებაა, რის გაბათილებასაც ქართული მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წლების განმავლობაში კონკრეტული მტკიცებულებებით ცდილობდა და რაც სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაქარწყლდა. თუმცა მმართველ გუნდში შიშობენ, რომ გუშინდელი პოსტის მსგავსი ნებისმიერი განცხადება მოსკოვმა შესაძლოა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. მით უმეტეს, რომ წინ ჰააგის სასამართლოა, სადაც აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება.