უკანონო დაკავებებისა და ამ დრომდე მიმდინარე ოკუპაციის პარალელურად, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე საუბრობს.
ამის შესახებ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ოკუპანტი ქვეყნის პირველი დიპლომატი აცხადებს. სერგეი ლავროვი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაში საქათველოს წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად რუსეთში სურთ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. სერგეი ლავროვი ფრენების განახლების საკითხსაც ეხება და იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.
რას პასუხობს ოფიციალური თბილისი კრემლიდან წამოსულ მორიგ გზავნილს – რუს დიპლომატს დღეს განგრძობითი ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა კიდევ ერთხელ შეახსენეს და თქვეს, რომ ამ ვითარებაში რაიმე ფორმით ურთიერთობების აღდგენა შეუძლებელია.