სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამის შესახებ მან სერბულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა. ვუჩიჩის თქმით, ევროკავშირში ათწლეულების განმავლობაში ამბობდნენ, რომ მათ არ სურთ ახალი კვიპროსი ევროპაში. ახლა კი ცხადი გახდა, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ სამი და ოთხი კვიპროსი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკა ყოველთვის იყო დომინანტი და გადამწყვეტი, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
სერბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირის საბჭოს ბოლო გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ამიერიდან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დასაწყებად მთავარი კრიტერიუმი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ომია. მისი თქმით, უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მფლობელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა არ ასრულებდა იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვას ბალკანეთის სახელმწიფოებს სთხოვენ.