სენატორის წერილზე მმართველ გუნდს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის სახელზე, მნიშვნელოვანი წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან, რომელიც, მისივე თქმით, გიორგი გახარიას მოუწოდებს, უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემაში ცვლილების უზრუნველყოფა.
სალომე სამადაშვილის განცხადებით, „სენატორი ამბობს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების, ისეთების, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა“. წერილი 2019 წლის 19 დეკემბრით არის დათარიღებული.