ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. სასამართლოს მიერ რურუასთან დაკავშირებით გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა: „მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული, დღეს ბატონი გიორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა. მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე“, – განუცხადა სენატორმა „ამერიკის ხმას“. ამასთან, ჯიმ რიში გიორგი რურუას საქმეს კომიტეტის „ტვიტერის“ მეშვეობითაც გამოეხმაურა.
გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს: „სახელმწიფო მდივანმა, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, თუმცა სასამართლოს პოლიტიზება გრძელდება, ოპოზიციური სატელევიზიო არხის ინვესტორს, გ. რურუას პატიმრობა მიუსაჯეს. ჩაერევა საქართველოს პრეზიდენტი და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას?“, – წერს კუბილიუსი.