საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოში“ მიიჩნევენ, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ აუცილებლად უნდა ჩაერთოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში. მოძრაობამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა.
აუცილებელია, მოლაპარაკებები დასრულდეს ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, რაც თითოეული ჩვენგანისთვის უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი. იმედი გვაქვს, ხელისუფლება ახლა მაინც სათანადოდ გაიაზრებს მის როლსა და პასუხისმგებლობას ამ პროცესში. ამავე დროს, პრინციპულად მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომლის წვლილი უდიდესია პროპორციული არჩევნების დაპირების მიღწევაში მიმდინარე წლის ზაფხულში და რომელიც დღემდე არის ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მონაწილე.