„ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ამერიკული გაგებით, სტრატეგიული პარტნიორობა არა მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და მხარდაჭერა, პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა და ელემენტარული პროტოკოლური პატივისცემა, არამედ ქვეყანაში რადიკალიზმისა და ლგბტ-პროპაგანდის გაღვივებაა. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მის მიერ, 5 თებერვალს გამოცემული ბრძანებით თანამშრომლებს მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, რათა გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები“. „ხალხის ძალა“ ბრიტანეთისა და ესპანეთის მაგალითებსაც ასახელებს, სადაც ორგანიზაციის წევრების თქმით, ლგბტ პროპაგანდა სულ უფრო ძლიერდება. ამ ყველაფრის ფონზე, არა მხოლოდ ამერიკელებისა და ჩინელების მიდგომების შედარებით უნდა დავკავდეთ, არამედ ღიად უნდა ვიმსჯელოთ, თუ რამდენად გვიღირს სტრატეგიული პარტნიორობა იმ ქვეყანასთან, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფასეულობების შერყევით, რევოლუციის მოწყობის გამუდმებული მცდელობითა და ლგბტ-პროპაგანდის თავს მოხვევით არის დაკავებული“, – წერია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.