თინათინ ბერძენიშვილი, სანდრო ვახტანგოვი, ხათუნა ლაგაზიძე, ირმა სოხაძე – საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორობის კანდიდატთა სია რვიდან ოთხამდე შემცირდა. სამოტივაციო წერილების გაცნობის შემდეგ სწორედ ეს ოთხი კანდიდატი გადავიდა მეორე ტურში. ახლა არჩევანი უნდა გაკეთდეს მედია-მენეჯერს და ამჟამად პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, პოლიტოლოგს, რეჟისორსა და მომღერალს შორის. შემდეგი ეტაპი სამეურვეო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაა, რის შემდეგაც ხმათა უმრავლესობით ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. ეს პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ ერთი თვის წინ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.