საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიშის განხილვა პარლამენტში გრძელდება. ამჯერად მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძემ დეტალურად ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაიცემა. მათ შორის „ტელესკოლაზე“, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. მისი თქმით, სატელევიზიო და რადიოგადაცემების 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებს.
ვასილ მაღლაფერიძემ კომიტეტის წევრებს ის შეფასებები გააცნო, რომელიც 2021, საარჩევნო წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გაკეთდა. მათ შორის ეუთო-ოდირის შეფასება, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდა მოვლენებს და მეტ შესაძლებლობას აძლევდა პოლიტიკურ პარტიებს, ვიდრე სხვა არხები. აქცენტი გააკეთა არქივის მნიშვნელობაზე და მდგომარეობაზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე.
2023 წლის გაზაფხულიდან არხი ახალ შენობაში გადასვლას დაიწყებს, რაც არა მხოლოდ ტელევიზიისთვის, არამედ კინოინდუსტრიისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. მაისის ბოლოსთვის კი, ვასილ მაღლაფერიძის თქმით, კოსტავას 68-ში მდებარე შენობაზე მორიგი აუქციონი გამოცხადდება, რომლის ღირებულება 65 მილიონი ლარი იქნება.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, კომუნიკაციების კომისიის შეფასების მიხედვით, არჩევნების პერიოდში მედიამონიტორინგი ჩაუტარდა ექვს ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის პირველ არხს.
„კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმდინარე მოვლენებს მიუკერძოებლად და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდა. მისი სიუჟეტები და გადაცემები ამომრჩევლის ინფორმირებულობას ემსახურებოდა, ადგილი არ ჰქონია მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვებას, ჟურნალისტები მხრიდან პოლიტიკური შეხედულების დაფიქსირებას და სიძულვილის ენის გამოყენებას. არხი ნეიტრალურად და დაბალანსებულად აშუქებდა ყველა კვალიფიციური სუბიექტის წინასაარჩევნო აქტივობას“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მან ასევე ისაუბრა წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებაზე ეუთო/ოდირის დასკვნაზეც.
„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იენსონმა თქვა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობდა უფრო თანაბარი პირობებით, ვიდრე სხვები, ეს გამოჩნდა ჩვენი მონიტორინგის პერიოდში და ასევე დასძინა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიანად დაუთმო საეთერო დრო. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული ადგილი სხვა მაუწყებლებთან შედარებით და ჩვენ ეს დავინახეთ საარჩევნო კამპანიის დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს უფრო თანაბარი პირობებით, ვიდრე სხვები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ტელესკოლა