საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ კულტურის კომიტეტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიში წარადგინა. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 2021 წელს სატელევიზიო ეთერის 70 %-ს ორიგინალური ქართული პროდუქცია იკავებდა. აქედან გასართობი იყო 17 %, სპორტი – 16 %, საბავშვო ახალგაზრდული – 7 %, საზოგადოებრივ-პოლიტიკური – 9 %, საინფორმაციო ასევე 9 %. შემეცნება, განათლება და კულტურა კი 32 %. მისივე ინფორმაციით, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაუწყებლის პლატფორმებზე შემეცნებითი გადაცემების წილის გაზრდა, რეგიონების ცხოვრების მეტად ასახვა და არაპოლიტიკური სადისკუსიო სივრცის გაფართოებაა საჭირო.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, მაუწყებელი ფილმების მსხვილი მწარმოებელია. ამ დროისთვის უკვე შეიქმნა 40-მდე მხატვრული და დოკუმენტური ნამუშევარი. მისივე ინფორმაციით, მაუწყებელი უახლოეს პერიოდში აპირებს პარლამენტს კანონპროექტით მიმართოს, რომელიც ქართული ფილმების წარმოების დაფინანსებას უკავშირდება.

ვასილ მაღლაფერიძემ ისაუბრა ტელესკოლაზე“, რომელიც პანდემიის დროს შეიქმნა. ასევე ისაუბრა იმ გადაცემებზე, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემა. აქცენტი გაკეთდა ტექნიკურ გადაიარაღებაზე და ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლაზე.

ამასთან, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, კულტურის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„წარვადგინეთ 2021 წლის მუშაობის ანგარიში და მადლობელი ვართ, კომიტეტმა დაინახა ის დიდი შრომა, რომელიც გასწია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა. იყო შენიშვნებიც, იყო წინადადებებიც. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კულტურის კომიტეტის აზრი და შევთანხმდით, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა იქნება კერძოდ, არქივთან დაკავშირებით.

ამავე დროს, ჩვენ გავაჟღერეთ – ეს საერთო აზრია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდეს ქართული ფილმების წარმოების ერთ-ერთი ცენტრი. ამაზე ჩვენ ვფიქრობთ კანონპროექტის მომზადებას, რომლითაც გარკვეული თანხა პირდაპირ იქნება ქართული ფილმების წარმოებაზე და ამით ქართულ ფილმს შეექმნება მკვიდრი ფინანსური საფუძველი.

ჩვენ შეგვეძლება, გარკვეულ კოპროდუქციაში შევიდეთ სხვასთან ერთად და ვაწარმოოთ ფილმები, რომლებიც უშუალოდ იქნება მაყურებელზე ორიენტირებული. ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰპოვა კულტურის კომიტეტში და დარწუნებული ვარ, ამ კეთილ საქმეს ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ განაცხადა, ძალიან საინტერესო მოხსენება ჰქონდა ვასილ მაღლაფერიძეს მაუწყებლის სამომავლო გეგმებსა და საერთოდ გადაცემების ხარისხზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ არქივებზე, რომელიც ძალიან მიშვნელოვანია და ყურადღებამისაქცევია, აქედან გამომდინარე, ეს დებატები იყო ცოცხალი და ძალიან საინტერესო“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

ტელესკოლა