საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება. თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოს მიერ საპარლამენტო არხის ამოქმედებას შეეხება. მოხდება რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო ღონისძიებების ტრანსლაცია. გაშუქების შინაარსზე, დროსა და ხანგრძლივობაზე თავად პარლამენტი იქნება პასუხისმგებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ქვეყნის მასშტაბით პირდაპირი ტრანსლაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
ღონისძება პარლამენტში ამ წუთებში იმართება. თანამშრომლობის მემორანდუმს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და პარლამენტის თავმჯდომარე გააფორმებენ.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი და საზოგადოებრივი მაუწყებლები განსხვავებული ფორმით თანამშრომლობენ და უზრუნველყოფენ საკანონმდებლო ორგანოს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ამგვარი თანამშრომლობა შესაძლებელს ხდის მნიშვნელოვან და აუდიტორიისთვის აქტუალურ საკითხებზე პირველწყაროდან ინფორმაციის პირდაპირ რეჟიმში მიღებას.