დღეს საქართველოს პირველი არხისთვის მძიმე დღეა. ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ზურაბ ქურციკიძე დღეს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ზურა ბოლო ხუთი წელი საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი იყო. ჩვენს არქივს მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი მისი არაერთი ფოტო დარჩა. თითქმის ყველგან, ცხელ წერტილში, ზურა თავისი ფოტოობიექტივით ეპიცენტრში იყო. ის პარალელურად მუშაობდა ევროპული პრესის საერთაშორისო სააგენტოში. აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაშუქებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები, ბესლანის ტერაქტი და სხვა.
ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მან უდანაშაულობის დასამტკიცებლად წლების განმავლობაში იბრძოლა. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ ქურციკიძე და სხვა ფოტოგრაფები უდანაშაულოები იყვნენ და გაყალბებული საქმის გამო, პროკურატურას კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. როგორც ფოტორეპორტიორები ამბობდნენ, მათი დაკავების მოტივაცია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის და მაშინდელი მოვლენების ამსახველი ფოტოების საერთაშორისო სააგენტოებში გავრცელება იყო.