ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა ზურაბ ქურციკიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ზურა ბოლო ხუთი წელი საქართველოს პირველი არხის ფოტორეპორტიორი იყო. ჩვენს არქივს მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი მისი არაერთი ფოტო დარჩა. თითქმის ყველგან, ცხელ წერტილში, ზურა თავისი ფოტოობიექტივით ეპიცენტრში იყო. ის პარალელურად მუშაობდა ევროპული პრესის საერთაშორისო სააგენტო EPA–ში. აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გაშუქებული აქვს 2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები, ბესლანის ტერაქტი და სხვა.
ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთი იყო იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ქურციკიძემ მაშინ ბრალი აღიარა, როგორც შემდეგ თქვა, ზეწოლის შედეგად. უდანაშაულობის დასამტკიცებლად ის წლების განმავლობაში იბრძოდა. საბოლოოდ სასამართლომ დაადასტურა, რომ ქურციკიძე და სხვა ფოტოგრაფები უდანაშაულოები იყვნენ და გაყალბებული საქმის გამო, პროკურატურას კომპენსაციის გადახდაც დაეკისრა. როგორც ფოტორეპორტიორები ამბობდნენ, მათი დაკავების მოტივაცია 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევისა და მაშინდელი მოვლენების ამსახველი ფოტოების საერთაშორისო სააგენტოებში გავრცელება იყო.
ზურაბ ქურციკიძემ ფოტორეპორტიორობა 1999 წელს გაზეთ „რეზონანსში“ დაიწყო, 2001 წლიდან კი გაზეთ „ახალ ვერსიაში“ გადავიდა.