სცენაზე გატარებული 65 წელი და ათეულობით გამორჩეული როლი თეატრსა და კინოში – საზოგადოება ჯემალ ღაღანიძეს ემშვიდობება.
გამორჩეული და განსხვავებული სამსახიობო ოსტატობის წყალობით ჯემალ ღაღანიძემ მაყურებელს თავი განსაკუთრებით შეაყვარა. 1956 წლიდან, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. ჯემალ ღაღანიძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის, ღირსების ორდენის და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრიზის მფლობელი. 2011 წელს კი მსახიობს რუსთაველის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს.
ჯემალ ღაღანიძე 3 თებერვალს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ხვალ რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.