დღევანდელ აქციას შეურთდნენ რეგიონებიდანაც.
შეკრება რუსთაველის გამზირზე საღამოს ექვსი საათიდან დაიწყო. იყო მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ფეხით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ შარშან უკან გაწვეულ და ხელისუფლების მიერ წელს კიდევ ერთხელ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით უცხოეთიდან დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა საკუთარი შემოსავლების დეკლარირება უნდა მოახდინონ და საჯარო რეესტრის ბაზაში უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლებად დარეგისტრირდნენ. შეკრების მონაწილეების განმარტებით, გამჭვირვალობა ევროპული ფასეულობაა. ამ არგუმენტით ისინი ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში ყველა სფეროში გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მოელიან. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები ხაზს უსვამენ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული მომავლის დასაცავად და ერთიანობის სადემონსტრაციოდ დღეს ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი ნებით დგანან.