საყოველთაო-სახალხო შეკრება პარლამენტთან

რუსთაველის გამზირი მთავარი მოვლენების ეპიცენტრში.

თბილისის ცენტრალურ გამზირზე დღეს მმართველი პარტიის მხარდამჭერები დგანან. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული საყოველთაო-სახალხო განხილვა იმ პროტესტის პასუხად, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს მოჰყვა. „ღირსებით ევროპისკენ“ – ასეთია აქციის ლოზუნგი. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მიმართა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. ამ დროისთვის სახელისუფლებო გუნდის ლიდერთა სიტყვით გამოსვლები დასრულებულია. ეროვნული ინტერესების, იდენტობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ევროპული მომავლის დაცვა და ღირსებით ევროინტეგრაციის გზაზე სვლა – ასეთი გზავნილებით და სულისკვეთებით იყო ხელისუფლების პირველ პირთა გამოსვლები. მმართველი გუნდის ლიდერებმა გაიხსენეს მათი მმართველობის პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები და ისტორიული გადაწყვეტილებები. ყველა გამოსვლაში იყო ხაზგასმა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ხელისუფლების მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა.