29 აპრილის შეკრება და პოლიტიკური სცენიდან გაჟღერებული გზავნილები პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ხდება.
„ღირსებით ევროპისკენ, მამული, ენა, სარწმუნოება“ – ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია იმ პროტესტის პასუხია, რომელიც მმართველი პარტიის მიერ ხელახლა ინიცირებულ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტმა გამოიწვია. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მისულ მოქალაქეებს მმართველი გუნდის ლიდერებმა მიმართეს, განსაკუთრებული ინტერესი იყო პოლიტიკაში დაბრუნებული და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის მიმართ. სიტყვით მიმართვებში იყო აქცენტები ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული იდენტობის დაცვაზე და ხაზგასმა საქართველოს ევროპული არჩევანის ურყეობაზე. თუმცა, არაერთხელ ახსენეს ქვეყნის შიდა და გარე მტრები და ქვეყნის ომში ჩართვის და რევოლუციების მოწყობის მცდელობები, ამ კონტექსტში იყო მოხსენიებული გლობალური ომის პარტიაც. დაანონსდა არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გასამართლებაც.
ოპოზიციამ მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებებიდან ანტიდასავლური რიტორიკა და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევის და რეპრესიების გეგმა ამოიკითხა.