უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტის დერეფანში დააკავა.
გამომძიებელმა სავჩენკოს ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ჩააბარა. მანამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ ნადეჟდა სავჩენკოსთვის დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებასა და დაპატიმრებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი თხოვნით რადას გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიმართა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა ნადეჟდა სავჩენკოს სახელმწიფო გადატრიალების მომზადებასა და პარლამენტში ტერაქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. უმაღლესი რადას სხდომაზე დღეს იური ლუცენკომ ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ ბრალდებების დასამტკიცებლად ვიდეო და აუდიომასალა წარადგინა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავჩენკო ოფიცერ ვლადიმერ რუბანის საქმის ფიგურანტია. რუბანი დონეცკის ოლქიდან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იარაღის ტრანსპორტირების დროს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ის უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე, ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებზე თავდასხმას ამზადებდა.