ევროკავშირში ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები გაიზრდება.
ეს საფრანგეთის პოზიციის ერთგვარი წარმატებაა. გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი ავტომწარმოებელი გერმანია აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. ახალი ზომები, სავარაუდოდ, ძალაში 31 ოქტომბერს შევა და მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იმოქმედებს. პეკინის მოსაზრებაა, რომ ტარიფები ბიზნეს-ურთიერთობებს დააზიანებს. ევროკავშირს ორი ან სამი წელი აქვს, რათა ჩინეთის და აშშ-ის ტოტალური ეკონომიკური დომინირება თავიდან აიცილოს – ასეთია საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასება. ემანუელ მაკრონის პროგნოზით, კლასიკური დღის წესრიგის გაყოლა ევროკავშირს ბაზრის გარეთ დატოვებს. საფრანგეთის პირველი პირი მთავარ პრობლემად ზედმეტ რეგულირებას და ნაკლებ ინვესტირებას ასახელებს.