სატრანსპორტო შეზღუდვები თბილისის ქუჩებზე

ძლიერი ნალექის გამო, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. შეფერხებები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოსული წვიმის და წყლის ჭარბი ნაკადის გამო, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, მდინარე ვერეს ხეობაში და უნივერსიტეტის ქუჩაზე მაღლივი კორპუსის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დედაქალაქის ქუჩებში ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების მონიტორინგს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.