სათხის ეკლესიის კანკელის ამ დრომდე მიუკვლეველი რვა ფრაგმენტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცა.
ქვის ორნამენტიანი ნატეხები სათხის კანკელის ზედა მარჯვენა ნაწილის ფრაგმენტებია, რომელზეც ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. პატარა წარწერიან ფრაგმენტზე მითითებული ქორონიკონი (1171 წ.) საზღვრავს და საბოლოოდ აზუსტებს ქვემო ქართლის ეკლესიებისა და მათი კანკელების მთელი ჯგუფის ქრონოლოგიას და გვაუწყებს, რომ ამ ეკლესიათა წარწერებში მოხსენიებული მეფე გიორგი, რომელიც აქამდე მეფე ლაშა-გიორგისთან იყო გაიგივებული, სინამდვილეში მეფე გიორგი მესამეა.