სამგორიდან ლილოს მიმართულებით მეტროს პროექტისათვის დედაქალაქის მერიაში სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. კახა კალაძემ საზოგადოებას პროექტის ტექნიკური დეტალები დღეს მთავრობის სხდომაზე გააცნო.
ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა მერის განმარტებით, საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს ექნებათ, პროექტის განხორციელებას კი, დაახლოებით ორი-სამი წელი დასჭირდება.
ახალი, დამოუკიდებელი მიწისზედა ხაზის მშენებლობასთან ერთად პროექტი კიდევ შვიდი მეტროსადგურის მოწყობას ითვალისწინებს. მერის თქმით, დღის განმავლობაში აღნიშნულ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა ივლის, მოცდის დრო კი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 წუთი იქნება. ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს მშენებლობასთან დაკავშირებითაც.