საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. კომუნიკაციის შემდეგ წუხელ გვიან ღამით, ირაკლი კობახიძემ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.
გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ თაობაზე. გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ყურადღება გავამახვილე იმ გარემოებაზეც, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები.
ამასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადება