აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები მიიჩნევენ, რომ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი ჯერ კიდევ არის. 40-წუთიანი სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა და ბორის ჯონსონმა განაცხადეს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია ასევე ლიდერების პოზიცია, რომ ნებისმიერ მორიგ შეჭრას უკრაინაში გაჭიანურებული კრიზისი მოჰყვება რუსეთისთვის და გრძელვადიანი ზიანი როგორც რუსეთისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. თავის მხრივ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ დაუწესონ რუსეთს სერიოზული სანქციები, თუ ის სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს.