სატარიფო რეგულაციები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საბაჟო მიმართულებით გასაწევი მომსახურებების საფასურებში განხორციელებული ცვლილებები გააცნეს. თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების წახალისების მიზნით შემუშავებული ახალი სატარიფო რეგულაციები მიმდინარე წლის 14 მაისიდან ამოქმედდება.

მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემაში დაშვებული პირების მიერ, საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისთვის დგინდება მომსახურების უპირატესი, შემცირებული საფასურები. ამასთან, ფართოვდება იმ საბაჟო პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.