„კოვიდ-19“-ის გაზრდილმა სტატისტიკამ სკოლების დღის წესრიგიც შეცვალა.
დღეს ახალი სასწავლო სეზონი განახლდა, თუმცა თბილისსა და დიდ ქალაქებში სწავლა ისევ დისტანციურად დაიწყო. გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმე პირველკლასელთა მშობლებისთვისაა. ბავშვები, რომლებიც სკოლებში დღეს პირველად უნდა მისულიყვნენ, მერხების ნაცვლად სახლებში კომპიუტერებს მიუსხდნენ. პირველი კლასის გარდა ონლაინ-გაკვეთილების ხარისხს და სწავლების ამ მოდელთან ადაპტაციის სირთულეს მაღალი კლასების მოსწავლეთა მშობლებიც უჩივიან. მთავარი კითხვაა, გაგრძელდება ონლაინ-სწავლა მხოლოდ ორ კვირას, როგორც დაანონსებულია, თუ სწავლის კლასებში დაწყების თარიღი კიდევ გადაიწევს. ეპიდსიტუაციის შესახებ კითხვაზე ზუსტი პასუხი ჯერ არ არსებობს. იმ ქალაქებსა თუ რაიონებში კი, სადაც ექვსთვიანი პაუზის შემდეგ სწავლის პროცესი დღეს კლასებში დაიწყო, მთელი რიგი რეგულაციები მოქმედებს.