საშიში ნივთიერების შემცველი ზაფრანას რეალიზაციისთვის ერთი პირი დააკავეს
სუნელი ზაფრანა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა. პროდუქცია რეალიზაციიდან უკვე ამოღებულია.
საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ქალის ადვოკატი კახა მაღრაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაზარში 20-30 წლის განმავლობაში ვაჭრობდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულისთვის უცნობი იყო, რომ მის მიერ გამოყენებული საღებავი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.