თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე თავად ბრალდებულმაც ისაუბრა. მისი თქმით, აქციის მიმდინარეობისას მის მიერ ჩადენილი ქმედებებით საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. ბრალდებულის განმარტებით, აქციის მიმდინარეობისას ხდებოდა სამართალდამცველების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება, რა დროსაც შესაძლებელია თავდაცვის დროს თვითონაც გადაამეტა ძალას. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. დაცვის მხარის თქმით კი, უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 4 ივლისს გაიმართება.