თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ძლიერი საქართველოს“ სარჩელი კრწანისის მეოთხე საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარე ითხოვდა ვერიფიკაციის აპარატებისა და სამაგიდო სიების გახსნას. „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულით ისინი მოახერხებდნენ კონკრეტული დარღვევების დაფიქსირებას არჩევნებზე. მოპასუხე მხარემ კი სარჩელს უსაფუძვლო და უარგუმენტო უწოდა. სხდომას ესწრებოდნენ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის იურისტი. ამასთან ერთად მოსარჩელე მხარემ მანამდე სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობაც დააყენა ვიდეო მტკიცებულებების სარჩელზე დართვასთან დაკავშირებით, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.