სასამართლო რეფორმის გარშემო უთანხმოებაა.
ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვს. საუბარია იმ ცხრა ადამიანის კანდიდატურაზე, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინა კვირას გამართულ კენჭისყრაზე შეარჩია და პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის პროექტამდე უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას აპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს კიდევ ერთი განცხადების გაკეთება მოუხდა ამერიკის ელჩსაც, რომელიც რეფორმის გარშემო მრავალპარტიულ შეთანხმებამდე მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერების მომხრეა. იუსტიციის საბჭო და პრეზიდენტი მოსამართლეთა სიმცირეზე მიუთითებენ, მმართველი გუნდი კი კანონმდებლობის დაცვის მოტივით პროცესის შეჩერებას არ აპირებს და კანდიდატების მოსასმენად ემზადება.