საქსტატის პორტალის პრეზენტაცია

2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის პორტალის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პორტალი შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ პირებს ერთ სივრცეში გაეცნოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას. პორტალი აერთიანებს ისეთ თემებს, როგორიცაა 2024 წლის აღწერის მიზნები, ამოცანები და გამოყენებული მეთოდოლოგია. ასევე ვებ-პლატფორმა მოიცავს კითხვარებს, აღწერის სამართლებრივ საფუძვლებსა და სხვა საკითხებს. 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით, ხოლო მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან – 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის ინტერვიუერების მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.