ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი გუნდი ოპოზიციას მიმართავს. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ოპონენტ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო მარათონი პასუხისმგებლიანად წარმართონ.
მოწოდებას ადრესატთა მწვავე რეაქციები მოჰყვა. ოპოზიციური პარტიები არათანაბარ პირობებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრობენ და ამ კონტექსტში განიხილავენ ყველა იმ სოციალურ დახმარებას, რომელიც ბოლო პერიოდში მთავრობისგან დაანონსდა ან უკვე გაიცა. დავა არ წყდება ცოტა ხნის წინ შეცვლილ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი იმ ახალი ცვლილების გარშემოც, რომელიც ამომრჩეველთა დაშინება-მოსყიდვის ფაქტებზე სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.