საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ - როგორ დაიწყო საარჩევნო პროცესი
დღეს 28 ოქტომბერია, საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს. მთელი დღის განმავლობაში პირველი არხის ეთერის საშუალებით, შესაძლებლობა გექნებათ თვალი ადევნოთ ხმის მიცემის პროცესს. კენჭისყრა ამ წუთებში იწყება. საარჩევნო უბნები გახსნილია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარდა. მოსახლეობა დღეს ერთჯერადად 6 წლის ვადით, ირჩევს პრეზიდენტს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, სიაში 3 მილიონ 518 ათას 877 მოქალაქეა რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოქმედებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანიც, მათგან 10 სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. უბნები გახსნილია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებიან, ან არიან რეგისტრირებულები საზღვარგარეთ, ხმის მიცემას 39 ქვეყანაში გახსნილ 55 უბანზე შეძლებენ. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს. რიგით მეხუთე პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადავა. 2024 წელს კი პრეზიდენტს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ამომრჩევლის მისაღებად სულ 3 703 უბანია გახსნილი. როგორ დაიწყო საარჩევნო პროცესი.