საქართველოში სამოყვარული ჩემპიონატის, მასტერ ლიგის გათამაშება დაიწყო. ტურნირი ოფიციალურად მზიურის სტადიონზე გაიხსნა.
პირველ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისის მერიისა და კრწანისის გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ტურნირის პირველი გოლის ავტორი კახა კალაძე გახდა. მეორე შეხვედრა „გრასრუტსა“ და „თი-ბი-სის“ შორის გაიმართა. შეხვედრა ვეტერანი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „გრასრუტის“ გუნდმა 10:2 მოიგო.
მასტერ ლიგის გათამაშება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება და მასში 212 გუნდია ჩართული. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და თბილისის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.