საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის სამი პაციენტი რჩება, რომელთა ზუსტი დიაგნოზი, სავარაუდოდ, ორ დღეში გახდება ცნობილი. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაში დღეს შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე აეროპორტში მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
25 წლის პაციენტის მდგომარეობას ექიმები არ განიხილავენ კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად, თუმცა, პრევენციის მიზნით მას შესაბამისი კვლევები უტარდება. გრძელდება ევაკუაციის პროცესიც. ჩინეთის ქალაქ უჰანიდან საქართველოს ორი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ორივე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსებენ და საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანენ. გუშინ განხორციელდა საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის ევაკუაცია. ისინი ამჟამად თურქეთში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებიან.