ბოლო 24 საათის განმავლობაში, თითქმის 1000-ით გაიზარდა კარანტინში მოთავსებული მოქალაქეების რაოდენობა და მათი რიცხვი უკვე 2 956-ს აღწევს. მათ შორის 425 მოქალაქე იმერეთში მოწყობილ ოთხ საკარანტონო ზონაში იმყოფება. მათგან საჩხერეში 42 პირია, საირმეში 189,
103 – წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორუმში და 91 – წყალტუბო პლაზაში.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საირმის საკარანტონო ზონიდან, ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. სტაციონარებში კი, ქვეყნის მასშტაბით, 291 ადამიანი იმყოფება.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ლაბორატორიიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტის ანალიზების პასუხები მიიღეს და ორივე პასუხი უარყოფითია. კლინიკის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე, ლაბორატორიიდან კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან, ასევე კლინიკაში სამ ახალი პაციენტი მოათავსეს. მათ დღის ბოლომდე აუღებენ ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან. საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.