2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ინფორმაციის თანახმად, ევროკომისიის მონაცემების ბოლო ანალიზის საფუძველზე, 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა, მაშინ როცა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა 46 მილიონ 100 000 ევროა.
„ევროკავშირის 46 მილიონ 100 000 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიცავდა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მომუშავე 170-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ 47 პროექტს – ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა; დემოკრატიული ჩართულობა და დამოუკიდებელი მედია; ბიზნესის განვითარება და პროფესიული განათლება; უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ხელშეწყობა; კულტურა და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ნდობის აღდგენა კონფლიქტის მოგვარებისთვის; დეცენტრალიზაცია და სოფლის განვითარება; გარემოს დაცვა და კლიმატი; საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა; იურიდიული და სასამართლო სისტემა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.