საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება

ევროკავშირის წარმომადგენლობა პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, ქვეყანას სჭირდება ქმედითი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის. განცხადებაში ვკითხულობთ: მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ  მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით.

დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება. კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, დაფიქსირებული ხარვეზების მოსაგვარებლად –  წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.