საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები საქართველოს მთავრობას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომ რეაგირებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნიან.
„მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, „ლგბტქი თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა. კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს. ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნავდა „პრაიდთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა. ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.
ამ ფონის გათვალისწინებით, ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტურად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი კანონის სრული სიმკაცრით. ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პრო-ევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაა“, – ნათქვამია წერილში.