საქართველოსა და ლიეტუვას შორის კიბერუსაფრთხოების დეკლარაცია გაფორმდა
საქართველოსა და ლიეტუვას შორის კიბერუსაფრთხოების დეკლარაცია გაფორმდა. დოკუმენტს თავდაცვის მინისტრებმა მოაწერეს ხელი. თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა. დეკლარაცია ორმხრივი ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს, მიზანი კი ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენა და კომპლექსური ღონისძიებებით მათი გადაჭრაა.
ლიეტუვაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გრძელდება. პრეზიდენტი უკვე შეხვდა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სეიმის თავმჯდომარეს. ყველა შეხვედრაზე, რომელიც ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა არის და რჩება საქართველოს ერთგულ მხარდამჭერად, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე.