უკრაინა მხარდაჭერას იღებს საქართველოდანაც.
ხელისუფლების პირველი პირების განცხადებების მთავარი გზავნილია, რომ რუსეთი გუშინდელი გადაწყვეტილებით საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უხეშად არღვევს და 2008 წლის მოვლენებს იმეორებს.
მმართველ გუნდს რეკომენდაციებით მიმართავს ოპოზიცია. ნაწილი ლუგანსკის და დონეცკის ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დაგმობის მიზნით პარლამენტს რეზოლუციის მიღებას სთხოვს. ომის ზღვარზე მყოფ უკრაინაში განვითარებულ პროცესებზე „ქართული ოცნების“ განცხადებები ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის სამიზნეა. ოპონენტები ხელისუფლებას პასიურობაში სდებენ ბრალს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს საკითხის აქტუალიზაციისკენ მოუწოდებენ.